ყაზანი

uთათრეთის დედაქალაქი და რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქთაგანია. ის რეგიონის მთავარი ინდუსტრიული, კომერციული და კულტურული ცენტრია და რჩება თათართა კულტურის უმნიშვნელოვანეს წყაროდ. ყაზანი მდებარეობს მდ. ვოლგასა და კაზანკას შესართავთან რუსეთის ცენტრალურ ევროპულ ნაწილში.

მონღოლთა ურდოებმა XIII საუკუნის დასაწყისში ლამის მთელ ევრაზიას გადაუარეს (მათ შორის, საქართველოსაც) და ე.წ. ოქროს ურდოს სახელწოდებით მონღოლურ-თურქული სახელმწიფო დააარსეს, რომლის შემადგენლობაში რუსეთის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოექცა.

XV საუკუნეში, ოქროს ურდოს დაშლის შემდეგ, სამი დამოუკიდებელი სახანო ჩამოყალიბდა _ ასტრახანის, ყაზანისა და ყირიმის. მათგან პირველი ორი _ ასტრახანი და ყაზანი _ ივანე მრისხანემ აიღო, ხოლო ყირიმის სახანო ეკატერინე დიდმა XVIII საუკუნის ბოლოს შეუერთა რუსეთის იმპერიას.

რაც შეეხება დღევანდელ თათრეთსა და მის დედაქალაქ ყაზანს, დაახლოებით 4 მილიონი კაცი ცხოვრობს თათრეთის მრავალეროვან რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთის ევროპული ნაწილის აღმოსავლეთში მდებარეობს. მისი ფართობი 68 000 კვადრატული კილომეტრია და ეკონომიკურად ყველაზე განვითარებულ რესპუბლიკად ითვლება რუსეთის ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკებს შორის. თათრეთს რუსეთში წამყვანი როლი უკავია გაზისა და ნავთობის წარმოებაში. აქ აწარმოებენ თვითმფრინავებსა და ავტომობილებს (ლეგენდარული კამაზები). არის რამდენიმე აეროპორტი.

 

კომენტარის დატოვება